პოლიტიკა

კვირიკაშვილმა და შტაინმაიერმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს

01.07.16 17:35


საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ორი ქვეყნის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ ნათელ გამოხატულებად შეაფასა.

საუბარი შეეხო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. აღინიშნა, რომ საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიებაა.

გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ფორუმი პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს.

საუბარი შეეხო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნების სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია ძირეული ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით.

ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სამძიმარი თურქეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. იგი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში. ეუთოს საპარლამენტო ფორუმს, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნება, სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები