საზოგადოება

ახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პოლიციელი დააკავეს

16.04.18 20:00


პროკურატურის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შსს-ს ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის მიმართ, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელს გ.ბ.-ს, ხოლო მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ი.ბ. -ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გ.ბ. და ი.ბ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 11 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს - შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები