პოლიტიკა

კოვალიოვი: საქართველომ დანაპირები შეასრულა

01.07.16 17:45


საქართველომ დანაპირები შეასრულა და რუსეთის დელეგაციას შესაძლებლობა მისცა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში დაუბრკოლებლად ჩამოსულიყო, განუცხადა Sputnik-ს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა.

რუსული მხარე მანამდე შიშობდა, რომ საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ პრობლემებს შეუქმნიდა დეპუტატებს, რომლებიც საქართველოს ინფორმირების გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ კარგი მაგალითი აჩვენა.

„ფინეთისგან განსხვავებით, საქართველომ აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს დელეგაციასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ფინეთში შესვლაზე რიგ დეპუტატებს უარი ეთქვათ. ეს შეზღუდვები დეპუტატებს არ უნდა ეხებოდეთ, სხვაგვარად დიალოგი შეუძლებელი იქნება. ჩვენ ძალზე სახიფათო გზას დავადგებოდით, თუ თითოეული ქვეყანა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე თავისი დელეგაციის შემადგენლობას დაარეგულირებდა თავის ქვეყანაში. და ეს ძალზე საშიში რამაა, და საქართველომ, ამ თვალსაზრისით, კარგი მაგალითი აჩვენა“, — დაასკვნა კოვალიოვმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია „საპარლამენტო თანამშრომლობის 25 წელი: ნდობის გამტკიცება დიალოგის საშუალებით“ თბილისში პარასკევს იხსნება.

ღონისძიებაში 57 ქვეყნის 700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

იმის თაობაზე, რომ რუსეთის დელეგაციას, ვიდრე ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, საქართველოში პრობლემები არ შეექმნება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მიმღები ქვეყანა არა საქართველო, არამედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაა, ამიტომ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი შიდა კანონმდებლობა.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება თბილისში პირველად ტარდება მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკვე 24 წელია, ეუთოს წევრია.

კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლა ოფიციალური თბილისის ინფორმირების გარეშე არაკანონიერია და ისჯება ან დიდი ოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები