საზოგადოება

კახა კალაძის ინფორმაციით, 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

18.04.18 18:30


დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ისანში მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაღი ავარიულია და ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც არსებობს.

“ერთი ვიცი, რომ ბაღს ვერავინ შეეხება. ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ არსებობს მორალი, არსებობს ზნეობა. როგორ უნდა ვიკადროთ ისეთ რამ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები და შემდეგ გავასხვისოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის შეურაცხმყოფელი პირადად ჩემს მიმართ, იმიტომ, რომ არ გვაქვს ეს დამოკიდებულება და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ჩვენ მიდგომებს, პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ დედაქალაქში. შესაბამისად, ის განცხადებები რაც მოვისმინეთ, არანაირ სიმართლეს არ შეეფერება. დასკვნაში რომელიც მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, პირდაპირ არის დაწერილი, რომ ეს არის პრობლემური ბაღი და აქ ბავშვების ყოფნა ძალიან საშიშია. შესაბამისად, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვები გადავანაწილოთ სხვადასხვა ბაღებში რომ პრობლემები არ შეექმნათ. მგონი, ამ ბავშვების ამ მშობლების ინტერესებს ვიცავთ და ის დამოკიდებულება და ის მესიჯები რაც მოვისმინეთ, ნამდვილად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ჩვენ ეს დამოკიდებულება არ გვაქვს. საზოგადოებასთან მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ გახსნილი, ვცდილობთ ყველაფერში ჩავერთოთ, ყველაფერი ავუხსნათ რას ვაკეთებთ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ ამ განცხადებებს. თუმცა არაუშავს, ყველაფერი ხდება და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და როგორც უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როდის დასრულდება ბაღებში სამუშაოები, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ბაღის გარდა, ჩვენ გვაქვს 11 პრობლემური ბაღი, სადაც შეწყდა სწავლა და ბავშვები გადანაწილებულია სხვადასხვა ბაღებში.

„უახლოეს მომავალში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები 11-ვე ბაღში და წლის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. გარდა ამისა, არის 5 ბაღი , რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება საჭიროა დემონტაში და თავიდან ახალი პროექტის განხორციელება და ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ყველა მიმართულებით, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს სამუშაოები იყოს დასრულებული“, - განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები