საზოგადოება

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა

19.04.18 16:30


მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება.

„მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, ექიმი, პენსიონერი, ასევე საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დამატებით შეღავათებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასობით ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით, რაც უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებისთვის, არამედ მთაში ხალხის დაბრუნებისთვის. ეს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების ამოცანაც გახლავთ. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კანონით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, 10 მილიონი ლარი გამოიყო მთიანი რეგიონებისთვის ტრადიციული კულტურებისა და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

​„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები:

ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან; მეწარმე პირი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობებით).

პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარი, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით გაცემა.

ყოველთვიური დანამატი პენსიაზე არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტის 20%.

ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის ღონისძიებები. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან;

საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%, პროფსასწავლებლებში - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%; სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლისათვის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50%.

დანამატი ექიმისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები