ეკონომიკა

მოთხოვნა ექსპორტირებულ საქონელზე იზრდება – რას ყიდის საქართველო

20.04.18 14:45


საქართველოდან ექსპორტის ზრდა 2018 წლის პირველ კვარტალში 28,4%–ით გაიზარდა 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 740,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.

მთლიანობაში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ–მარტში, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 23,3%–ით გაიზარდა და 2,8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში შეადგინა 1,3 მლნ დოლარზე მეტი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 47,6%-ია.

რას ყიდის საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.

ექსპორტმა 2018 წლის სამ თვეში 740,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემზე 28,4%-ით მეტია.

ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 33,5%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 20,7%-ით, ფეროშენადნობების – 5,5%–ით, მსუბუქი ავტომობილების — 84,3%-ით, მინერალური წყლების – 42%–ით, აზოტის სასუქის — 45%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 1742%–ით, ხოლო სიგარების, სიგარილის ან სიგარეტის, ან მათი შემცვლელების – 1273%–ით.

ამავე დროს, 7,2%-ით შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი.

რას ყიდულობს საქართველო

2018 წლის დასაწყისიდან გაიზარდა იმპორტიც – წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში შემოიტანეს დაახლოებით 2,1 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 21,6%–ით მეტია.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2018 წლის სამ თვეში გაიზარდა 7,7%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 53,3%-ით, გამომთვლელი მანქანების — 245%-ით, სატელეფონო აპარატების — 12%-ით, ხორბლის – 66,4%–ით.

ამავე დროს, შემცირდა სამკურნალო საშუალებების იმპორტი 22%-ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების — 7,5%-ით.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის დასაწყისიდან რჩებიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 986 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 35%-ს შეადგენს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 404,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,3%-ია; სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 22,5%–ით გაიზარდა.

საგარეო ბრუნვამ რუსეთთან პირველ კვარტალში 311,1 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11%–ია, ზრდა – 22%.

აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 270,2 მლნ დოლარზე მეტი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 9,6%–ია, ზრდა – 30,3%.

საქართველო ასევე ვაჭრობს ჩინეთთან (203 მლნ დოლარი), სომხეთთან (135,2 მლნ დოლარი), უკრაინასთან (139), აშშ-თან (35,1), გერმანიასთან (112), საფრანგეთთან (110,1), აშშ–თან (110), ბულგარეთთან (100).

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 820,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 27,6%-ით მეტია. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 29%-ია.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველოს ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ–ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის პირველ კვარტალში 976,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30%–ზე მეტია. დსთ–ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 34,6%-ია.

ექსპორტის ზრდას, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უფრო ადრე აღნიშნეს, ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები