საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა

20.04.18 16:30


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს, ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ.

მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნულ პირებს შორის წინასწარ ხდებოდა შეთანხმება, თუ რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა ტენდერში. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მეწარმე სუბიექტების ნაწილი, ტენდერში მონაწილეობის პროცესში სპეციალურად იღებდა დისკვალიფიკაციას, რაც საშუალებას აძლევდა ბრალდებულებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას, ტენდერი მაღალი ფასნამატით მოეგო. შედეგად, არსებითად დაირღვევა შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიის წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობაზე.

საქმეზე დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები