ეკონომიკა

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

20.04.18 17:15


ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სპეციალური სტუმრის სტატუსით, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსია მიეძღვნა „სარტყელი და გზა“ ინიციატივაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაწილეობის გაზრდის საკითხებს, რომელშიც ახალი აბრეშუმის გზის იდეის განვითარებაში ჩართული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

„ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მსოფლიოს ორ უმსხვილეს პლატფორმას - ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. დისკუსიის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორ ქვეყნებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად. საქართველოში 2021 წლამდე ვგეგმავთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას, როგორებიც არის აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება მეტი კერძო ინვესტიცია იყოს მოზიდული ამ ძალიან დიდ იდეაში. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკი აპირებს თვითონ აქტიურად იყოს ჩართული ამ იდეის განხორციელებაში. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მოქნილი დაფინანსება მოვიპოვოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მსოფლიო ბანკი გეგმავს “ერთი გზა-ერთი სარტყელის” ფარგლებში თავისი მონაწილეობის გაზრდას და ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენ გვეცოდინება ის ფინანსური მექანიზმები, რომლებითაც ისინი ჩაერთვებიან ამ სფეროში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.

შედგება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები. დაგეგმილია მოლაპარაკებები მსხვილ ინვესტორებთან, რომლებიც მომავალ წელს საქართველოში გეგმავენ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას რეალურ სექტორსა და ლოგისტიკის სექტორში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები