ეკონომიკა

საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

23.04.18 14:15


23-24 აპრილს, თბილისში საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამ მიზნით საქართველოს ეწვევა კანადის დელეგაცია, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტეფანი ბეკის ხელმძღვანელობით. საგარეო უწყების შეფასებით, ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კანადა 2018 წელს დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანაა.

პოლიტიკურ კონსულტაციებს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე უხელმძღვანელებს. კონსულტაციებისას განიხილება საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საქართველოს უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და კანადის ელჩები.

კონსულტაციების შედეგად, ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აისახება საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. ვიზიტის ფარგლებში კანადის დელეგაცია საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში შეხვედრებს გამართავს, საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე მიიღებს ინფორმაციას იქ არსებულ ვითარების შესახებ. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნობიან იუსტიციის სახლის საქმიანობას.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები