პოლიტიკა

პრემიერი: დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში

23.04.18 22:05


დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, არ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის არჩევნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა არსებული ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო!

მივესალმები პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო კონფერენციის მონაწილეებს.

ჩემთვის უდიდესი პატივია, მოგმართოთ თქვენ. მინდა, გამოსვლა დავიწყო მადლობის თქმით.

მადლობა ყველა თქვენგანს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ აღმშენებლობის პროცესში, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” გაძლიერების პროცესში. თქვენი წვლილი მომავალშიც იქნება უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ გვმართებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენი საქმის შედეგი უნდა იყოს კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში.

დღეს ჩვენ შეგვიძლია სიამაყით გადავხედოთ განვლილ პერიოდს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის.

21 აპრილს 6 წელი შესრულდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა საქართველოს მოსახლეობა, რათა შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ცვლილება უპირველეს ყოვლისა აისახა მეტი თავისუფლების მოტანაში და ეს თავისუფლება დღეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, არ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის არჩევნებით.

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველამ ერთად ყველაზე საჭირბოროტო და მტკივნეული მიმართულებებით. ეს იყო ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უდიდესი შვება მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, ასევე – სოფლად მცხოვრებლებისთვის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები, რომლებმაც ადამიანებს რეგიონებში სოფლად, უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე სარგებლობს იმ პროგრამებით, რომლებიც სახელმწიფომ მათ შესთავაზა და მათი ცხოვრების დონე თანდათან უმჯობესდება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ იმ პრობლემებსაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია.

პრობლემა უამრავია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კიდევ სიღარიბის
ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ კეთილდღეობა მივა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, გახლავთ ასევე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.

გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა – ეს არის პრაგმატული, სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. ამას ვახორციელებთ ჩვენ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით და ეს აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

მინდა, მოკლედ შევეხო იმ პროგრამებს, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება კონკრეტულად გურიის რეგიონში ახორციელებს და ისინი კონკრეტულ შედეგებს იძლევა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2020 წელს.

„გარდა ამისა, დაიწყება გრიგოლეთი – ჩოლოქის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტის ოთხზოლიანი გზა. გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ სატრანსპორტო ნაკადმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს, როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები