პოლიტიკა

ივნისიდან ავიაკომპანიებს მგზავრების შესახებ დეტალური ინფორმაციის სახელმწიფოსთვის გამჟღავნების ვალდებულება ეკისრებათ

24.04.18 17:30


ავიაკომპანიებს მათი ყველა მგზავრის შესახებ დეტალური ინფორმაციის სახელმწიფოსთვის გამჟღავნების ვალდებულება ეკისრებათ. მთავრობის განმარტებით დადგენილება რომელიც 2018 წლის პირველი ივნისიდან შევა ძალაში ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულთა პრევენციას შეუწყობს ხელს. ასევე გაუმჯობესდება სასაზღვრო კონტროლი და გაძლიერდება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ინფორმაცია ავიახაზებმა სახელმწიფოს ფრენამდე 48 საათით ადრე უნდა მიაწოდონ. მოთხოვნა ეხება როგორც ჩამომსვლელ ისე წამსვლელ და სატრანზიტო მგზავრებს, ასევე ავიაკომპანიის პერსონალს.

დღეისთვის აეროპორტების მესაზღვრეებს გადაწყვეტილებათა მიღება უშუალოდ ბორტის ჩამოფრენის/გამგზავრების დროს უწევთ, ახალი სისტემა კი ამას წინსწრებით გააკეთებს.

ვალდებულება არ ვრცელდება: სატვირთო გადაზიდვებზე, სამაშველო/საევაკუაციო ფრენებზე, სახელმწიფო ავიაციაზე, იმ მონაცემების მიწოდებაზე, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.

ინფორმაცია, რომელიც ავიაკომპანიებმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ უნდა მიაწოდონ:

1. მგზავრის სახელის ჩანაწერის უნიკალური კოდი (ჩანაწერის ინდიკატორი, დადასტურების ნომერი, რეზერვაციის ნომერი ან ნებისმიერი სხვა იდენტიფიკატორი).

2. ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი.

3. ფრენის დაგეგმილი თარიღები.

4. სახელი/სახელები.

5. მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტა; ტელეფონის ნომერი).

6. მოგზაურობის სრული მარშრუტი კონკრეტული მგზავრის სახელის ჩანაწერისთვის.

7. ხშირი მგზავრის შესახებ ინფორმაცია.

8. ინფორმაცია ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ.

9. გაყოფილი/განცალკევებული მგზავრის სახელის ჩანაწერის ინფორმაცია.

10. მგზავრთა რაოდენობა და სახელები, მოცემული მგზავრის სახელის ჩანაწერში.

11. მგზავრის სტატუსი (მგზავრის რეგისტრაციის დრო, საჰაერო ხომალდში ჩაჯდომის სტატუსი (ჩაჯდა/არ ჩაჯდა).

12. ზოგადი შენიშვნები (მათ შორის, არსებული ინფორმაცია 18 წლამდე პირების შესახებ, რომლებიც მგზავრობენ სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე. კერძოდ, მათი სახელი, ასაკი, სასაუბრო ენა, საკონტაქტო პირის მონაცემები (მისი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.).

13. ბილეთის შესახებ მონაცემები, მათ შორის, ბილეთის ნომერი, გაცემის თარიღი, ცალმხრივი ბილეთები.

14. ადგილის ნომერი და სხვა ინფორმაცია.

15. კოდის გაზიარების (code share) შესახებ ინფორმაცია.

16. ბარგის შესახებ ინფორმაცია (ნომერი, რაოდენობა, წონა, სპეციალური ბარგი, დამატებითი ბარგი და ა.შ.).

17. დამჯავშნავი პირის სახელი და გვარი.

18. გადახდის შესახებ მონაცემები, კერძოდ:

ა) გადახდის ტიპი (ნაღდი, საბანკო გადარიცხვა თუ საკრედიტო ბარათი);

ბ) ღირებულება, შესაბამისი ვალუტის მითითებით (ევრო, დოლარი, ლარი);

გ) გადამხდელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია);

დ) საკრედიტო ბარათის მონაცემები (ტიპი, ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, მფლობელის სახელი და გვარი, ბარათის სახელი).

19. მგზავრის წინასწარი მონაცემები, კერძოდ:

ა) სამგზავრო დოკუმენტის ნომერი, ტიპი და მოქმედების ვადა;

ბ) მოქალაქეობა;

გ) სრული სახელი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) ავიაკომპანია;

ზ) რეისის ნომერი;

თ) რეისის დაწყებისა და დასრულების თარიღი და შესაბამისი დროები;

ი) გამგზავრების პუნქტი და დანიშნულების პუნქტი;

კ) ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის სასაზღვრო გამშვები პუნქტი;

ლ) მგზავრების საერთო რაოდენობა ბორტზე;

მ) ჩასხდომის საწყისი ადგილი.

20. ამ დანართის პირველ-მე-19 პუნქტებში მითითებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების ისტორია.

მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზაში ინახება ავიაგადამზიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვის მომენტიდან 5 წლის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტომატურად.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები