პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც საქართველოს გამთლიანებას აუცილებლად მოიტანს

24.04.18 20:05


ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას აუცილებლად მოიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მომავლის შენებაში პარტიის თითოეული წევრის როლი განსაკუთრებულია.

„მინდა, დავიწყო მადლობით და ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ჩართულობისთვის, იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ იმ აღმშენებლობის საქმეში, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება აწარმოებს ქვეყანაში. მინდა, გთხოვოთ, მოგიწოდოთ მომავალშიც აქტიურად იყოთ ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან თქვენი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლიდან, პირველივე დღიდან, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენს რიგებში იყო, წვლილი შეიტანა იმ ბრძოლაში, რომელსაც მოჰყვა დიდი გარდატეხა ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. რა თქმა უნდა, ასევე მადლობას ვუხდი ადამიანებს, რომლებიც შემდგომში შემოგვიერთდნენ. განახლება არის მუდმივი პროცესი. მინდა მოგიწოდოთ, მეტი დიალოგი გვქონდეს მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, ვინაიდან ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს ძალუძთ თამამი გადაწყვეტილებების მიღება და თამამი გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მანვე სამეგრელოში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მათ შორის პრემიერ-მინისტრმა გამოყო სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები. ასე რომ, ეს პროექტი მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, არამედ გახლავთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი.

თქვენ იცით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ეს ინიციატივა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების, ვაჭრობის წახალისებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სამეგრელოს ყოველთვის ეთქმოდა განსაკუთრებული სიტყვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„დიდი იმედი მაქვს, ის სულისკვეთება, რომელიც ამ დარბაზშია, განსაკუთრებით, “ქართული ოცნების” აქტივის წევრებში, ასეთივე იქნება, ვინაიდან ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

რა თქმა უნდა, ზურგს უკან ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული საქმეები, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, რომ აღმშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და თითოეულ ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები