პოლიტიკა

პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ჩნდება განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები

24.04.18 20:50


სამეგრელოს ყოველთვის ეთქმოდა განსაკუთრებული სიტყვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დიდი იმედი მაქვს, ის სულისკვეთება, რომელიც ამ დარბაზშია, განსაკუთრებით, “ქართული ოცნების” აქტივის წევრებში, ასეთივე იქნება, ვინაიდან ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, დავიწყო მადლობით და ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ჩართულობისთვის, იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ იმ აღმშენებლობის საქმეში, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება აწარმოებს ქვეყანაში. მინდა, გთხოვოთ, მოგიწოდოთ მომავალშიც აქტიურად იყოთ ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან თქვენი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლიდან, პირველივე დღიდან, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენს რიგებში იყო, წვლილი შეიტანა იმ ბრძოლაში, რომელსაც მოჰყვა დიდი გარდატეხა ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. რა თქმა უნდა, ასევე მადლობას ვუხდი ადამიანებს, რომლებიც შემდგომში შემოგვიერთდნენ. განახლება არის მუდმივი პროცესი. მინდა მოგიწოდოთ, მეტი დიალოგი გვქონდეს მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, ვინაიდან ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს ძალუძთ თამამი გადაწყვეტილებების მიღება და თამამი გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება.

სამეგრელოს ყოველთვის ეთქმოდა განსაკუთრებული სიტყვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დიდი იმედი მაქვს, ის სულისკვეთება, რომელიც ამ დარბაზშია, განსაკუთრებით, “ქართული ოცნების” აქტივის წევრებში, ასეთივე იქნება, ვინაიდან ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ზურგსუკან ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული საქმეები, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, რომ აღმშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და თითოეულ ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა“, -განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„დღეს მინდა, გარკვეულად გადავხედოთ წარსულ წლებს, ვისაუბროთ გაკეთებულ საქმეებზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, მაგრამ მინდა, ყველა ჩვენგანს ჰქონდეს სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილება მოვახდინეთ ქვეყანაში. დღემდე ჩვენ განვვლეთ მნიშვნელოვანი გზა, განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები ყველაზე საჭირბოროტო სფეროებში – ჯანდაცვის სფეროში, სოფლის მეურნეობაში… ქვეყანაში მოვიტანეთ სტაბილურობა გონივრული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით და რა თქმა უნდა, წინ გვაქვს გზა, რათა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომელიც აუცილებელია, რომ წელში გამართულმა ვიაროთ და მომავალს იმედის თვალით ვუცქიროთ.

ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მნიშვნელოვანი გარდატეხა შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში და მინდა, თქვენთან ერთად შევაჯამო სამეგრელოსა და სვანეთში განხორციელებული ყველაზე დიდი პროექტები, რომლებიც პირველ რიგში ემსახურება რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და განვითარებას.

სამეგრელოში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ეს არის საუკუნის მართლაც პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ანაკლიის ნავსადგური იქნება ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი მთელ რეგიონში. პროექტის ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია. ეს არის პროექტი, რომლის საშუალებითაც შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, შემოვა ინვესტიციები. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ჩნდება განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები.

აქვე ვიტყვი, რომ დაგეგმილია პორტთან მისასვლელი 17 კმ-იანი გზის მშენებლობა. მისი ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა. ამჟამად რეგიონში მიმდინარეობს სამუშაოები გზების რეაბილიტაციის 11 პროექტზე. სულ უნდა შესრულდეს 25 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები.

რა თქმა უნდა, ეს ინვესტიციები პირველ რიგში განკუთვნილია ადგილობრივების დასაქმებისთვის. ჩვენ ასევე ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს იმისათვის, რომ საბოლოოდ გადავჭრათ წყალმომარაგების პრობლემა ზუგდიდში, სენაკში, აბაშასა და ჯვარში. წყლის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ანაკლიაში, მესტიასა და ფოთში, სადაც მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. წელს ზუგდიდისა და ჯვრის მოსახლეობას მოუგვარდება პრობლემა, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ.

რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დახარჯულმა თანხამ, 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დაიგო ახალი გზები, განხორციელდა წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ნაპირდაცვითი სამუშაოები.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში დასრულდა მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები. აქ იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც რეგიონის მოსახლეობასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსაც მოემსახურება.

აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები. ასე რომ, ეს პროექტი მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, არამედ გახლავთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი.

თქვენ იცით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ეს ინიციატივა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების, ვაჭრობის წახალისებას.

იმედი მაქვს, ეს და სხვა კონკრეტული პროექტები გახდება ჩვენი შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი ინსტრუმენტები ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოებისთვის ეფექტური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს სათანადოდ აისახება სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ პირობებზეც.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის ძალისხმევითაც, გასული დღეების განმავლობაში კიდევ 22 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, დღემდე 148 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული სათანადო პატივით.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ აქვთ მინიჭებული მანდატი, არ გაუმხილონ მესამე მხარეს ინფორმაციის წყარო, საიდან იღებენ ცნობას დაკარგული ადამიანების თუ მათი ნეშტების ადგილსამყოფელის შესახებ. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ყველას, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილმდებარეობის შესახებ, მიაწოდონ ცნობა ამ ორგანიზაციას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ნეშტები დაუბრუნდეს ოჯახებს, სათანადო პატივით იქნას დაკრძალული, როგორც ქართველების, ისე – აფხაზების და ოსების.

წელს დაიწყება ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა. ამ პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია. რეგიონში ჯამში 7 ახალი ხიდი აშენდა.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რეგიონში დაფინანსდა 27 პროექტი, რაც 2 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მხარდაჭერილია 800-მდე პროექტი.

ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ვისაუბრებდე, მინდა აუცილებლად შევეხო იმ უდიდეს გამოწვევას, რომლის წინაშეც აზიურმა ფაროსანამ დაგვაყენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, ასევე პარლამენტის ჩართულობით, ინტენსიურად და კოორდინირებულად მუშაობს. უკვე დაწყებულია საველე სამუშაოების ორგანიზება, შეწამვლითი ღონისძიებები და მასშტაბური საინფორმაციო კამპანია. გამოყოფილია შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები. იცით, რომ აზიურ ფაროსანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან და მნიშვნელოვანია, რომ შედეგის მიღება, მხოლოდ მოსახლეობის უშუალო, აქტიური ჩართულობით და მათი მხრიდან შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება სახელმწიფო პროექტებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით – შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გაიხსნა 21 ახალი საწარმო და გაფართოვდა და გადაიარაღდა 42 არსებული საწარმო. ახალ საწარმოებში ჯამური ინვესტიცია 26 მილიონ დოლარზე მეტია. დასაქმდა 2650-მდე ადამიანი. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები.

პროექტის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა 51 ბაღი, 370-მდე ჰა მიწის ფართობზე, რისთვისაც 2.6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები