პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსში ე.წ. გერმანული მოდელის დასანერგად, შესაძლოა, პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდეს

06.05.16 18:20


საარჩევნო კოდექსში ე.წ. გერმანული მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალ კვირას პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდეს.

როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის მრჩევლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა არ გამორიცხა, რომ ფრაქცია რომელიც აღნიშნული საკითხის ინიცირებას მოახდენს, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქნილია და მზად არის მხარი დაუჭიროს იმ ვარიანტს, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდება.

თავის მხრივ, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციას უკვე აქვს წარმოდგენილი გერმანული მოდელი, როგორც სარეზერვო ვარიანტი, თუკი საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება ან მისი მიღება დროში გაიწელება.

„თუ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება დროში გაიწელება, ჩვენ გავხდებით მოწმე ახალი ინიციატივისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება ე.წ. გერმანული მოდელის დანერგვის ვარიანტის დასამკვიდრებლად. თუმცა, არის კონსულტაციები დაწყებული, პირადად მე მაქვს საპარლამენტო ფრაქციების დიდი მხარდაჭერის იმედი და მომავალი კვირიდან შესაძლოა ახალი ინიციატივის მომსწრეც გავხდეთ პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

„ბურჯანაძე - დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ახვლედიანის თქმით კი, დღეს გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებსა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შორის გუშინ დაახლოებით ორსაათიანი დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები, თუმცა იქ იმყოფებოდნენ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები