საზოგადოება

ოჯახში ძალადობის თემაზე სპეციალიზებულ 101 პროკურორსა და გამომძიებელს სერთიფიკატები გადაეცათ

30.04.18 19:45


საქართველოს მთავარ პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზებულ პროკურორებთან და გამომძიებლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ გახსნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვედეთის საელჩოსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაციის პროცესის განხორციელება უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რაც პირდაპირ აისახება საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე. ირაკლი შოთაძის თქმით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, პრევენციული მექანიზმების დახვეწა, სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციისა და საქმიანობის ხარისხის ამაღლება საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მთავარი პროკურორის ბრძანებით, 2018 წლის 1 მაისიდან ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები იმუშავებენ.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზებულ პროკურორებს და გამომძიებლებს სპეციალიზაციის კურსის წარმატებით გავლა მიულოცა, სერთიფიკატები გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ პროფესიონალთა სპეციალიზაციის პროცესი და სახელმწიფოს თანმიმდევრული მიდგომა მნიშვნელოვნად გაზრდის სამართალდამცავთა მიმართ დაზარალებულთა ნდობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას.

საქართველოს პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაცია სულ 101-მა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა. სასწავლო პროგრამა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა, ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ერთად, ძალადობის შედეგად დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციის უნარებსა და ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავდა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები