საზოგადოება

სოციალური მუშაკების საქმიანობას კანონი დაარეგულირებს

01.05.18 19:15


პარლამენტში „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.

კანონპროექტის მიხედვით იქმნება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს, ასევე დეტალურად გაწერს სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს.

ესენია: დამოუკიდებლობა, ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სასამართლოში წარმომადგენლობა, კონფიდენციალურობის ვალდებულება, დოკუმენატაციის წარმოების ვალდებულება, ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, თანამშრომლობის ვალდებულება, ბენეფიცარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება, მიუკერძოებლობა, ინფორმაციის ანალიზი, სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება.

კანონპროექტით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს, პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა.

სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ჯგუფებად განისაზღვრება ნარკო, ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები, შშმ პირები, ხანდაზმული, არასრულწლოვნები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, უსახლკარო პირები, ჯანმრთელობის მძიმე მდგომრეობის მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები.

სოციალური მუშაკი მონაწილეობას მიიღებს ბავშვის შვილად აყვანის პროცესში; ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს;

განსაზღვრავს მიუსაფარი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს; ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის შენარჩუნების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს და მათ შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის, ძალადობის მსხვერპლი პირების სათანადო მომსახურებაში ჩართვის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის, ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, მზრუნველის, მეურვისა და მხარდამჭერის დახმარებით ხანდაზმულ პირზე ზრუნვას, ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამის სოციალურ, სამედიცინო, საშეღავათო მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებასა და მათში ჩართვას.დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარებას;

ბავშვის 24-საათიანი ზრუნვის სახელმწიფო მზრუნველობის ფორმაში (მათ შორის, მინდობით აღზრდა) განთავსებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას და მონიტორინგს;სამეურვეო/სამზრუნველო/ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალურ და სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამის დღის ცენტრში და თავშესაფარში ჩართვის ხელშეწყობას;

სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან:

სოციალური მუშაკი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულსა და მსჯავრდებულს კონსულტაციას გაუწევს, მოწყვლად ჯგუფებს გამოავლენს და მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას შეწყობს ხელს;

მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს; შეისწავლის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, მის უნარებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს, მსჯავრდებული სრულწლოვანისა და არასრულწლოვანის რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის ხელშეწყობას.

სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში:

სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გულისხმობს:

ა) მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების პრევენციასა და მართვაზე ზრუნვას, მათ შორის მშობლებთან, ოჯახებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებასა და მათთვის სოციალურ მომსახურებას, მათ შორის, რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას

გ) ზოგადი განათლების, სამუშაო პროცესებში ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფას და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას

დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებასა და შესაბამის რეაგირებას.

კანონის პროექტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციას.

სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან სოცალური მუშაკის სერთიფიკატი, რომელიც არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

რეფორმის ეტაპობრივად განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმპლემენტაციის გეგმა უნდა დაამტკიცოს.

კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მზეიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი.

ცვლილებები ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები