საზოგადოება

ზურაბ ნეფარიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

02.05.18 17:15


თბილისის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს სასამართლომ 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ ნეფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2017 წლის 25 აგვისტოს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

ზურაბ ნეფარიძე თბილისის საკრებულოში ნავთლუღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" წევრი იყო.

ზურაბ ნეფარიძეს ბრალად ედებოდა ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ყოველთვიურად ხელფასიდან 400 ლარის გამოძალვა იმის სანაცვლოდ, რომ ის სამსახურიდან არ გაეთავისუფლებინათ.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ზურაბ ნეფარიძე დამნაშავედ ცნო.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული პირის ა.ნ.-ს დახმარებით ბიუროს ოთხ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს.

აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებს ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა", — ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძესთან ერთად პატიმრობა შეეფარდა მის თანამშრომელს და ცოლისდას ანა მენთეშაშვილს, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედება ბრალად.

ამასთან, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული იყო ზურაბ ნეფარიძის ვაჟი, ასევე ზურაბ ნეფარიძე, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, ჩვენება მისცა საკუთარი მამის წინააღმდეგ და გათავისუფლდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროკურატურის ცნობით, ზურაბ ნეფარიძე უკანონოდ დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებსაც. მან საკრებულოში ფიქტიურად დაასაქმა მეგობრის შვილი, რომლის ყოველთვიურად დარიცხულ ხელფასს თავად ისაკუთრებდა. 2014-2017 წლების მონაცემებით, აღნიშნული თანხის ოდენობამ 36 ათას ლარს გადააჭარბა.

ზურაბ ნეფარიძეს საკმაოდ სკანდალური პოლიტიკური წარსული აქვს. 2015 წელს ორმა მოქალაქემ თბილისის საკრებულოს ნავთლუღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა და დეპუტატს თანხის გამოძალვაში დასდო ბრალი.

იმ პერიოდში ტელეკომპანია Imedi-ს ჟურნალისტმა ნეფარიძესთან ინტერვიუს ჩაწერა სცადა, თუმცა დეპუტატმა ჯერ საკუთარ თანამშრომლებს ოფისიდან ჟურნალისტის გაძევება უბრძანა, შემდეგ კი 40 წუთის განმავლობაში საპირფარეშოში ჩაიკეტა.

ნეფარიძე თაღლითობის ბრალდებითაც იხდიდა სასჯელს, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები