საზოგადოება

საქართველოში ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი დაარსდა

04.07.16 17:45


საქართველოში გამოჩენილი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაარსდა.

დუმბაძის ფესტივალი ოზურგეთის დრამატულ თეატრში 5 ივლისს დაიწყება და 15 ივლისამდე გასტანს.

ფესტივალში მონაწილეობს 12 ქართული სახელმწიფო და კერძო თეატრალური დასი და ასევე ერთი უცხოური თეატრი ლიტვიიდან (ქალაქ პანევეჟისიდან).

ფესტივალი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ბოშები“ გაიხსნება. წარმოდგენას ოზურგეთის თეატრი გამართავს. რეჟისორია გიზო ჟორდანია.

მწერლის დაბადების დღეს, 14 ივლისს, ჩოხატაურში დუმბაძის იუბილეს აღნიშვნა იგეგმება. ღონისძიება მწერლის სახლ-მუზეუმში გაიმართება, სადაც ჩოხატაურის სახალხო თეატრის მსახიობები სპექტაკლით წარდგებიან.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ექსკურსიები გურიის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და თეატრალური კრიტიკოსების შეხვედრა პრესის წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ქართულ-ლიტვური ერთობლივი წარმოდგენა დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით „გამარჯობა, ხალხო“ დაასრულებს.

რეჟისორია ვასო ჩიგოგიძე. ლიტველი და ქართველი მსახიობები სცენაზე დუმბაძის ყველაზე პოპულარულ და საყვარელ პერსონაჟებს გააცოცხლებენ.

ფესტივალის დამაარსებლები არიან ოზურგეთის თეატრი, ოზურგეთის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალის მიზანია გურიაში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, რეგიონში თეატრალური ხელოვნების მხარდაჭერა ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლების დადგმის ტრადიციის აღორძინება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები