საზოგადოება

აგრესიისთვის არ მოხვიდეთ – რას გეგმავს საპატრიარქო 17 მაისს

15.05.18 21:30


მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ 17 მაისს თბილისში რეგიონებიდან ავტობუსებით მრევლი ჩამოვა მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ვისაც აგრესიის გამოხატვა სურს, არ მივიდნენ მსვლეობაში მონაწილეობის მისაღებად.

საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა გაიმართება ვარდების მოედნიდან და ფილარმონიიდან.

მსვლელობას, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჩაივლის, შეუერთდება ქაშუეთის ეკლესიაში მისული მრევლი და გაემართებიან სამების ეკლესიისკენ, სადაც დასრულდება მსვლელობა.

ვარდების მოედანზე მრევლი წირვის შემდეგ, 12–ის ნახევარზე შეიკრიბება ვარდების მოედანზე. ამავე დროს შეკრიბებიან ფილარმონიასთან საბურთალოში მცხოვრები მრევლის ნაწილი. საპატრიარქოს გეგმის მიხედვით, ქაშუეთის ეეკლესიასთან სამასამდე ოჯახს დალოცავენ, რომლებსაც 6 შვილი ჰყავთ.

სხვადასხვა ადგილას 400–ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს. სამებაში მათი რიცხვი 40–ზე მეტი იქნება. საღამოს რუსთაველის გამზირზე ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება. სამების ეკლესიაში ოჯახების ფოტოარქივიდან ამოღებული ფოტოების მიხედვით გამოფენა მოეწყობა.

“გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არ უკავშირდება არანაირ აგრესიას, არამედ გვინდა, რომ დღესასწაულად იქცეს. მივმართავთ ყველას, ვისაც ამდაგვარი განწყობების აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისგან. გვინდა, მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიის გამოვლინება ან პროვოკაციის მცდელობა, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მოდიოდეს, სრაფად იქნას აღკვეთილი”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ისინი ემიჯნებიან ნებისმიერ ძალას, რომელიც აგრესიით იქნება განწყობილი, მათ შორის ფაშისტურ გაერთიანებას “ეროვნულ ერთობას”. დეკანოზის თქმით, ამ ჯგუფს საპატრიარქოსთან არავითარი კავშირი არ აქვს.

საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციას საბურთალოს წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე, კიკეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანრია ჯღამაიძე და დეკანოზი შალვა კვირკველია, ვაკის ანდრია პირველწოდებულის ტაძრის წინამძღვარი ესწრებოდნენ.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს. მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა. 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეა.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები