პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს

16.05.18 15:30


მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რედისონში” ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ განსაზღვრა თავისი ევროპული ვექტორი.

“ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, რადგან ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც აქვს მთელი თავისი შედეგები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჰუმანური თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მანვე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე სახელმწიფოს განვითარებაში და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯდება თანამედროვე ევროპულ კონტექსტში და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

“კონსტიტუცია იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთში ორ მნიშვნელოვან საფუძველს აერთიანებს.

ერთი არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლითაც განმსჭვალულია ნებისმიერი ერის სოციალური, კულტურული ცხოვრება, ხოლო მეორე არის ის სპეციფიკა, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს ბუნებრივ მდგომარეობას და შეესატყვისება ტრადიციებს, ასევე სახელმწიფოს მართვას. ამ ორი მნიშვნელოვანი ტენდენციის სინერგიით, იქმნება ის, რაც ქვეყანას აძლევს ჩარჩოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა აღრმავებს ამ პროცესს. მე მიხარია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება. საკონსტიტუცო სასამართლოს საქმიანობა აღრმავებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის თვალსაზრისით, ქართველ ერს მართლაც საამაყო წარსული გააჩნია.

“საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია მრავალი ათასი წლის ძალიან დრამატული ისტორია, თავისი ისტორიის კრიტიკულ მომენტებში აკეთებდა ისეთ არჩევანს, რომელიც შემდეგ განაპირობებდა ჩვენი ერის სრულ თანხვედრას იმ სულიერი თუ კულტურული პროცესების მიმართ, რომელმაც განავითარა კაცობრიობა. როგორც კი შედგა ჩვენი დამოუკიდებლობა, ქართველმა ერმა ძალიან ერთმნიშვნელოვნად აირჩია ევროპული მმართველობა და მიუხედავად მონარქიის ტრადიციისა, გახდა რესპუბლიკა. გარდა ამისა, საქართველოში შეიქმნა ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც დღესაც საამაყოდ მივიჩნევთ. ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, იგი აღიარებდა ქალთა უფლებებს, გაუქმებული იყო სიკვდილით დასჯა, უზრუნველყოფილი იყო ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობა და ა.შ.”, - განაცხადა პრეზიდენტმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები