პოლიტიკა

ყაზახეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: საქართველო ყაზახეთის საიმედო პარტნიორია როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე

16.05.18 18:30


ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილა ყაზახ კოლეგასთან კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრის დროს.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასააქტიურებლად და გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოთქვეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სატრანსპორტო, სავაჭრო და ტურიზმის სფეროში ურთიერთობებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ყახაზეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ არსებულ მზარდ ინტერესს და ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად – თითქმის ყოველ წელს ორმაგდება.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც მიმდინარე წელს გასამმაგდა. საქართველოდან ყახაზეთში ექსპორტმა 90%-ს მიაღწია, ასევე გაოთხმაგდა ყახაზეთიდან საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ყაზახეთსა და საქართველოს შორის სატრანზიტო და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე.

როგორც ყახაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კაირატ აბდრახმანოვმა შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ყაზახეთისთვის საიმედო პარტნიორია რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე. „ყაზახეთის კურსი საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით უცვლელია”-აღნიშნა მან. მისივე განცხადებით, საქართველო ყახაზეთისთვის ისახება როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი აბრეშუმის გზის განვითარების პროცესში, ასევე დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების განვითარების პროცესში.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საინვესტიციო მიმართულებით ორმხრივ ინტერესს. მიხეილ ჯანელიძემ, ამ მხრივ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს შესაძლებლობებს, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად და სტაბილური, სანდო და გამჭირვალე ბიზნეს გარემოთი გახდა შესაძლებელი.

„თვის ბოლოს ყაზახეთს ეწვევა საქართველოს სავაჭრო მისია, რომელიც მოიკვლევს მეტ სავაჭრო შესაძლებლობებს არა მხოლოდ ყაზახეთში, არამედ რეგიონში. ჩვენ მივიჩნევთ ყაზახეთს მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში და ჩვენ ასევე გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ყაზახეთის ბიზნეს წრეებსაც შეუძლიათ საქართველო მიიჩნიონ საიმედო პარტნიორად რეგიონში, რომელიც ეფექტურად ინტეგრირდება ევროპულ სივრცეში, განსაკურებით ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხების გაფორმების შემდგომ, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროსი”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ხალხთაშორისო და კულტურის სფეროში თანამშრომლობა, მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს, რომელიც გასულ წელს განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საკანომდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ასტანას მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში გაიმართება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელთან დაკავშირებით კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგება ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი. საღამოზე დამსწრე სტუმრებს ასევე, სიტყვით მიმართავენ საქართველოს და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები