პოლიტიკა

გიგი წერეთელი პეტრო პოროშენკოს შეხვდა

16.05.18 21:00


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

პეტრო პოროშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე გიგი წერეთელმა საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების და მინსკის შეთანხმებების სრულად რეალიზებისთვის, გაეროს სამშვიდობო მისიის საჭიროებას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი, რომელიც დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, რეგიონის ჰუმანიტარულ ვითარებას შეეხებოდა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. აღინიშნა, რომ ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა უფრო მიზნობრივ, საჭიროებაზე მორგებული დახმარება უნდა გაუწიონ ქვეყანას, რომელსაც 2 მილიონამდე დევნილი ჰყავს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარულია. მათ ტრაგიკულ ფაქტებთან და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საბრძოლო მოქმედებებთან, ყოველდღიური შეხება აქვთ. აღსანიშნავია, რომ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებული როლი ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიას აკისრია. შეიარაღებული კონფლიქტის საბოლოო დასრულებისთვის, საპარლამენტო ასამბლეა მინსკის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას მოითხოვს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტური ზონის მთელ არეალში, რუსეთის საზღვრის ჩათვლით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განლაგებას შეეხება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მხარეები საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანმშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას შეეხნენ და რუსეთის აგრესიის კონტექსტში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობითი დელეგაცია, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლე კლიმკინს, უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ირინა გერასჩენკოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, არტურ გერასიმოვს და ეუთოს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს, ელჩ, ერტუგულ აპაკალის შეხვდა. შეხვედრები ასევე გაიმართა უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ უკრაინაში, გამართული შეხვედრების შედეგები, უმაღლეს რადაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები