პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს

21.05.18 14:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

მთავრობის მეთაური, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის.

ასევე, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში ,,შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის“ და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით იმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან. 23 მაისს, პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, "შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში" გაიმართება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები