საზოგადოება

სოფო კილაძემ სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

21.05.18 13:35


ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბრიფინგი გამართა.

სტავროს ლამბრინიდისმა 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, წარმოადგინა ინიციატივა Good Human Rights Stories (GHRS), რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ 15 წარმატებული ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველო იქნა დასახელებული.

სოფო კილაძის შეფასებით ეს არის დიდი პატივი და ევროკავშირის მხრიდან ჩვენი რეფორმებისა და წარმატების აღიარება ადამიანის უფლებათა კუთხით.

„ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალიან მტკიცედ გვიჭერს მხარს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანების თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი, მათი ფინანსური გაძლიერება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება იყოს უზრუნველყოფილი”, -განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა მხრივ თვისობრივი ცვლილებები განხორციელდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი პოლიტიკის ამოსავალ წერტილად სწორედ ადამიანი აღიარა და ეს ჩვენი მთავარი საყრდენი განვსაზღვრეთ საქართველოს კონსტიტუციაში, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ ადამიანის ღირსება განვსაზღვრეთ როგორც უმთავრესი უფლება, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას და ის არის აბსოლუტური. ჩვენ გავატარეთ რეფორმები სასჯელაღსრულების სფეროში და უზრუნველვყავით მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის ღირსეული პირობები, გავატარეთ რეფორმები პოლიციის და უსაფრთხოების სფეროებში. დღეს სახელმწიფო არ გვევლინება ძალადობის იარაღად ადამიანის წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

მან ისაუბრა პერსონალური მონაცემების დაცვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რომელიც მისივე თქმით, სახელმწიფომ მაღალ საფეხურზე აიყვანა.

„ჩვენ სასამართლო რეფორმა განვახორციელეთ და ამით გავათავისუფლეთ სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენისაგან. ჩვენს ქვეყანაში დაცულია საკუთრების უფლება, სახელმწიფო ბიზნესმენებს კი არ ატერორებს, არამედ ხელს უწყობს ბიზნესის გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ სერიოზული გარდატეხა მოვახდინეთ სოციალური უფლებების დაცვის სფეროში”, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ თვითკმაყოფილი, და რეფორმების კვალდაკვალ უნდა აღვნიშნოთ ის სერიოზული გამოწვევები, რომელიც გვაქვს ადამიანის უფლებების სფეროში. პირველ რიგში, სიღარიბე და უმუშევრობა, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა”, – განაცხადა სოფო კილაძემ. მისი თქმით, წარმატებული რეფორმები ქვეყანას მიიყვანს ღირსეული ადგილის დამკვიდრებამდე ევროპულ ისტორიულ ოჯახში. „ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება , მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა”, – აღნიშნა სოფო კილაძემ. მან მხარდაჭერისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში მადლობა გადაუხადა.

ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში დოროტა დლოუხი სულიგას განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ინიციატივაში, რომელიც არის გლობალური კოალიცია ადამიანის უფლებებისათვის.

„ეს კოალიცია ითვალისწინებს წარმატებული მაგალითების გაზიარებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება სხვისი წარმატებული მაგალითების მოსმენა თვითონ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კოალიციის წევრები არიან”,- განაცხადა დოროტა დლოუხი სულიგამ.

ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით იმ სტანდარტების დაფუძნება და გამყარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად დააახლოებს.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ადმიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აქვს გარკვეული წარმატებები, რომელთა გაზიარებაც ქვეყნებს შორის კარგი იქნება. მან ისაუბრა სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ.

„საქართველო მაშინ გახდება ყველაზე კარგი ადამიანის უფლებების ექსპორტიორი ქვეყანა, თუ ეს მუდმივი განვითარების პროცესი ყოველდღიურ მამოძრავებელი ზალა იქნება” , – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები