პოლიტიკა

პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა

24.05.18 20:30


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში გამარჯვებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები დააჯილდოვა.

კონკურსში მონაწილეობდნენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, სამედიცინო უნივერსიტეტიდან, შსს აკადემიიდან, ახალციხის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.

პროექტის მიზანს, რომელიც სამი მიმართულების კონკურსს ითვალისწინებდა, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფენომენის გააზრება, ღირებულებათა სისტემის ფორმირება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ესეების, კალიგრაფიისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის კვირეულის ფარგლებში, მან გამოარჩია განსაკუთრებული ღვაწლის მქონე მოქალაქეები და მათთან ერთად ზეიმის გადაწყვეტილება მიიღო.

"გმადლობთ ყველას, ვინც იყავით ჩართულნი ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ვინც თქვენი ფიქრი, ოცნება და გეგმა დაუკავშირეთ ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას. თითოეული თქვენთაგანი, რომელი ეთნიკური წარმოშობისაც არ უნდა იყოთ, აძლიერებთ ჩემს სამშობლოს ისე, როგორც ისტორიულად ძლიერდებოდა საქართველო თავის მრავალფეროვნებაში.

თქვენ არა უბრალოდ რაღაცას უმატებთ მას, არა უბრალოდ მისი ქართული ან ენა და კულტურა იცით, თქვენ თანაშემოქმედები უნდა იყოთ ამ ქვეყნის მომავლის, თქვენ უნდა იყოთ თანაშემოქმედი ამ კულტურის და ეს გახსოვდეთ! თქვენ უნდა დააკვირდეთ იმ ხალხს, ვისაც გამოვარჩევთ ამ დღეებში, თქვენ ნახავთ იქ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო გააძლიერეს და განამტკიცეს და საქართველოს დროშა ძალიან მაღლა ასწიეს.

ასე რომ, არა უბრალოდ იცოდეთ რა არის საქართველო, არამედ თქვენ შექმენით საქართველოს, იფიქრეთ საქართველოს გაძლიერებაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ინიციატივები თქვენ უფრო მტკიცედ ჩაგრთავთ ჩვენი უმშვენიერესი სამშობლოს გაძლიერებასა და გამშვენიერებაში. ერთი რამ არის განსაკუთრებული, რომ ჩვენ ვართ ისეთი ერის შვილები, რომელიც ამ მრავალფეროვნებით არსებობდა მუდმივად.

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ ისეთი სახელმწიფოს და ისეთი ქვეყნის შვილები, რომლებიც მუდმივად სხვა ერის თუ სხვა რელიგიის მოქალაქეს თავისთან იფარებდა და ამავე დროს თავის სიძლიერედ აქცევდა. გააგრძელეთ ეს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტუდენტების დაჯილდოების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი და პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები