პოლიტიკა

მოსკოვი სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებით - რუსეთის საგარეო უწყება

25.05.18 12:45


რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასანის შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებით.

„გრიგორი კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებით. რეგიონსგარე ძალების მიერ სამხრეთ კავკასიის „სამხედრო ათვისება“ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რუსეთისთვის. საქართველოს პარტნიორები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ მალავენ, რომ აიარაღებენ მას სწორედ „რუსეთის შესაკავებლად“. რუსეთს აქვს უფლება მიიღოს ადეკვატური ზომები რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პრაღაში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს და ის დოკუმენტი განიხილეს, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგს ეხება.

დოკუმენტში ასევე საუბარია 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის წარმატებასა და საქონლის ტვირთბრუნვის გაზრდაზე.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მოსკოვში ქართულ დიპლომატიურ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, რა დროსაც საქართველომ თბილისში რუსულ საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების ანალოგიური დარეგულირების მზადყოფნა გამოთქვა.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები