საზოგადოება

ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება – ანა ნაცვლიშვილი ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ

30.05.18 17:40


ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდის მამა ზაზა სარალიძე დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილსა და მრჩეველ კახა კოჟორიძეს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სარალიძისა და მისი უფლებადამცველების მონაყოლი გამოძიების მიმართ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს:

“იმ დეტალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ დაზარალებულის და მისი უფლებადამცველების მხრიდან, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხი გაცემული არ არის. პასუხის გაცემა, ეს არის გამოძიების ვალდებულება და ამ კითხვების რაოდენობა და სიღრმე აჩვენებს იმას, რომ აუცილებელია ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივადევნოთ თვალყური და გავაგრძელოთ შეხვედრები ყველა ჩართულ მხარესთან”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.

3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.

მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, 3 დეკემბერს საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და გაათავისუფლა სამსახურიდან.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები