საზოგადოება

რომან კაკულია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა

31.05.18 18:15


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია მომხრეა, რომ თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რომან კაკულიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც წესი, კომისია იქმნება იმ შემთხვევაში, როცა ყველა სხვა ინსტრუმენტი იწურება, თუმცა მოცემული ვითარება არაორდინალურია.

„დღის წესრიგში რომ იდგეს მხოლოდ ის საკითხი, როგორია პოზიცია ყველა ჩვენთაგანის, თუ როგორ მივიდეთ სიმართლემდე, ეს სხვა თემა იქნებოდა. რა შემთხვევაში იქმნება კომისია – როცა სხვა ინსტრუმენტები ამოწურავს თავის თავს. ჩვენ შეგვიძლია, თუ მარტო ამ ლოგიკას გავყვებით, დაველოდოთ და მერე უკვე გამართლებულად ვიტყვით, რომ მოდით შევქმნათ კომისია. მაგრამ ახლა არაორდინალური სიტუაციაა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღოს. საზოგადოებას კი, პარლამენტმა უნდა უთხრას, რომ მთელ მოცემულ პროცესში პარლამენტი არის მათ გვერდით.

„ახლა ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან პირდაპირ და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ იმ მეორე პროცესშიც, რომელიც გაგრძელდება, ჩვენ პარლამენტი ვართ მათ გვერდით. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მთავარი. რატომ შეუქმნის ეს – კომისიის შექმნა რაიმე პრობლემას ამ პროცესს, მართალი გითხრათ, არ მესმის. წარმოვიდგინოთ, რომ მეორე ინსტანციაზეციგივე შედეგი დადგა, მესამეზეც ხომ შეიძლება იგივე შედეგი დადგეს.

ამიტომ, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ეს ფიქრი გადავიყვანო იმ ლოგიკურ ფიქრში, როდესაც კომისიას ვქმნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა ინსტრუმენტების ამოწურვას უნდა დაველოდოთ და მერე შევქმნათ. ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევა არ არის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებით, პარლამენტი საზოგადოებას აჩვენებს, რომ მათთან ერთადაა.

„ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რომ მათთან ერთად ვართ და ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით უფრო სერიოზულია უმრავლესობის მხრიდან, ვიდრე ნებისმიერი ის ლოგიკა, რომლითაც როგორც წესი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისიები“, – განაცხადა რომან კაკულიამ ბიუროს სხდომაზე.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები