საზოგადოება

აფბა - საქართველოს საშუალება ეძლევა თურქეთის კურორტები ჩაანაცვლოს

05.07.16 19:20


საქართველოს საშუალება ეძლევა თურქეთის კურორტები ჩაანაცვლოს, - ამის შესახებ, ორგანიზაციის „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა ბაირახტარმა 2016 წლის საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეაფასა და მის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„პირველ კვარტალში საქართველომ 1,134,436 ვიზიტორი მიიღო, რაც 14,7 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგური პერიოდის მონაცემს. რეგიონში არასებულმა ვითარებამ გასულ წელს, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე. კერძოდ, გასული წელი, არ მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის იყო კრიზისული. ხოლო ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარება, როგორც წესი, მოგზაურების რაოდენობაზე უარყოფითად მოქმედებს”, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისი თქმით, პირველ 4 თვეში ვიზიტორების საერთო რაოდენობის 88% ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა.

”რეგიონში არსებული პოლიტ-ეკონომიკური ვითარების გაანალიზება საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პირველ 4 თვეში სწორედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა ვიზიტორების საერთო რაოდენობის 88%. ტოპ ქვეყნების ხუთეული კი ასე განაწილდა: პირველ ადგილს იკავებს აზერბაიჯანი 353,186 ვიზიტორით, შემდეგ მოდის თურქეთი 273,532 ვიზიტორით, სომხეთი 229,114, რუსეთი-144, 764 და უკრაინა 23, 666 ვიზიტორი. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომელთაც წინა წლის ეკონომიკური კრიზისი მნიშვნელოვნად შეეხოთ. წელს კი კრიზისმა გადაიარა და რეგიონის ეკონომიკებმაც გაჯანსაღება დაიწყო. სწორედ ეს ფაქტორი გახდა, არაკურორტულ სეზონზე ვიზიტორების ასეთი ზრდის მიზეზი”, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ანალიტიკოსმა სამომავლო მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე კვარტალი კიდევ უფრო აქტიური უნდა გამოდგეს.

„რაც შეეხება მეორე კვარტალს და სამომავლო მოლოდინებს, რიგი ფაქტორების გამო, შემდეგი კვარტლების მონაცემები უფრო ოპტიმისტურია. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ მეორე კვარტალი ემთხვევა საკურორტო სეზონს, რომელიც ყოველთვის უფრო მეტად აქტიურია. თურქეთში არსებულმა დაძაბულმა და არასტაბილურმა ვითარებამ, საქართველოში ტურისტების შემოდინება უნდა განაპირობოს, როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდანაც. სხვადასხვა ტურ-ოპერატორებმა უკვე თითქმის 40% შეამცირეს საგზურების ღირებულება ამ მიმართულებით, თუმცა ამანაც ვერ იმუშავა და ტურისტებმა უკვე დაჯავშნული საგზურებიც კი გააუქმეს. ამ ფონზე საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივაა შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც შეუძლია თურქეთის კურორტები მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლოს”, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, ტურისტების ზრდის ტემპის შენარჩუნებისთვის აუცილებელია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩინება და ქვეყნის ცნობადობის გაზრდა.

”იმისათვის, რომ ტურისტების რაოდენობამ ზრდის ტემპი შეინარჩუნოს, აუცილებელია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩინება და ქვეყნის ცნობადობის გაზრდა. ამ მიმართულებით, დადებითად იმუშავა ტურიზმის ადმინისტრაციის ისეთმა პიარ კამპანიებმა, როგორებიც იყო საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვება მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებში და ევროპელი ჟურნალისტების მოწვევა ქართული კურორტების გასაცნობად. ცნობადობის გაზრდის კუთხით ასევე აღსანიშნავია „ჩექინ ჯორჯიას“ პროექტი რომლის ფარგლებშიც საქართველოს არაერთი ვიზიტორი ეწვია”, - განაცხადა ბაირახტარმა.

ანალიტიკოსის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი სასტუმროების მცირე რაოდენობა.

”თუმცა არის ისეთი გამოწვევები, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული ტურიზმისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც ქართული ტურისტული სექტორია, არის საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი სასტუმროების მცირე რაოდენობა და მომსახურების დაბალი ხარისხი.

დღეისათვის საქართველოში ორიენტაცია კეთდება ბიზნეს კლასისა და საოჯახო ტიპის სასტუმროებზე. მაშინ როდესაც ევროპულ კურორტებზე, პირიქით ორიენტირი კეთდება საშუალო დონის სასტუმროებზე. ხარიხის გაუმჯობესების კუთხით აუცილებელია პერსონალის გადამზადება სხვადასხვა დაწესებულებებსა და ობიექტებში. ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ და სახელმწიფომ ისე კერძო სექტორმა და ბიზნესმა”, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები