პოლიტიკა

დავით დონდუა - სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარების“ შემდეგ ე.წ. დომინოს ეფექტს ნამდვილად არ ველოდებით

04.06.18 19:45


სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარების“ შემდეგ ე.წ. დომინოს ეფექტს ნამდვილად არ ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ პარლამენტში განუცხადა, სადაც არაღიარების პოლიტიკის თაობაზე მოსმენა იმართება.

დონდუას თქმით, ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის გასაკვირი არ იყო და პრევენციის მიზნით მუშაობა მიმდინარეობდა.

„სირია მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემაა. რაც შეეხება ასადის რეჟიმის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. ამის ნიშნები იყო, განსაკურებით 2015 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და სწორედ მისი და პირადად პუტინის მეშვეობით ერთგვარად გაიმაგრა პოზიციები ბაშარ ალ ასადმა. აქედან მოყოლებული სულ იყო იმის საფრთხე, რომ ასადის რეჟიმს შეიძლებოდა „ეღიარებინა“ აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივად სირიასთან, ასევე ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, თუმცა რაც დრო გადიოდა, უფრო იზოლირებული ხდებოდა ასადის რეჟიმი, სულ უფრო ნაკლები სიტყვა ეთქმოდათ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს. ერთადერთი ვისაც მიჰყავდა „პარადი“, ეს იყო კრემლი, რომელმაც თავისი შანტაჟის, პროვოკაციისა და ზეწოლის შედეგად მოახერხა, რომ ასადის რეჟიმს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინა, რასაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ აქვს. თვითონ ასადის რეჟიმს არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო და მით უმეტეს, მის მიერ დადებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი თავიდანვე ძალადაკარგულია. რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა ამას რამე გავლენა რეგიონში, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ამას არ ველოდებით, თუმცა მანამდეც, დღესაც და მომავალშიც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ასევე დანარჩენ სამყაროსთან იმისათვის, რომ ჩვენი არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს ისევე წარმატებულად, როგორც ეს აქამდე იყო“, - განაცხადა დონდუამ.

მისივე თქმით, რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტოდან, მის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „აღიარების“ დღიდან ცდილობს მიმდევრების გამონახვას.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორც სპარსეთის ყურის და არაბეთის სახელმწიფოებთან ორმხრივ რეჟიმში, ასევე, იქ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველგან ვართ რაიმე სახით წარდგენილი, აკრედიტებული, გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმები, ჩვენი ელჩები აქტიურად მუშაობენ, ჩვენი პარტნიორებიც აქტიურად არიან ამაში ჩართული და ე.წ. დომინოს ეფექტს, რაზეც იყო ერთგვარი სპეკულაციები, ნამდვილად არ ველოდებით. თუმცა ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში კიდევ არსებობენ სხვა დანაშაულებრივი რეჟიმები, შეუმდგარი სახელმწიფოები, კვაზი სახელმწიფოები, მოწყვლადი სახელმწიფოები, სადაც მოსკოვს გააჩნია გარკვეული ფინანსური, სამხედრო, პოლიტიკური ბერკეტები და შანტაჟის საშუალება, ამიტომ ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ყველა ასეთი ქვეყანა, რეგიონი, ორგანიზაცია და ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მუშაობის შედეგია ის, რომ მიუხედავად მოსკოვის ასეთი დიდი ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური ძალისხმევისა, სულ რამდენიმე სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც მოსკოვს სურდა“, - განაცხადა დონდუამ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი მოსმენა თემაზე „საქართველოს არაღიარების პოლიტიკა“ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები