პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე: საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ის NATO-ს სანდო პარტნიორია

04.06.18 20:00


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის კონფერენციაში (SNGP Conference 2018), რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის უნიკალურ ინსტრუმენტზე. მინისტრის განცხადებით არსებითი პაკეტი ხელს უწყობს არა მხოლოდ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებას. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს არსებითი პაკეტს ეფექტური იმპლემენტაციისთვის გაწეული ძალისხმევისათვის და აღნიშნა, რომ ამ გზაზე საქართველოს წარმატება სამაგალითოა მათ შორის ალიანსისთვის.

„NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი მართლაც რომ უნიკალური ინსტრუმენტია, რომლითაც არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ უსარგებლია. მისი მიზნები ისევე შთამბეჭდავია, როგორც ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ პაკეტის განხორციელების პროცესში დღემდე მიაღწია“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, არამედ შეუქცევადს ხდის საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას.

მინისტრის განცხადებით საქართველო ეფექტურად იყენებს ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს, რომელიც მას გააჩნია და ეს ინსტრუმენტები და გატარებული რეფორმები, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე თავდაცვის მიმართულებით მთავარ ამოცანას ემსახურება - საქართველო მიუახლოვდეს ქვეყნის მთავარ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანს, რაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

„საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ის ალიანსის სანდო და უნარიანი პარტნიორია - ასპირანტი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანების მიზნისკენ თანმიმდევრულად მიისწრაფვის, უკვე მოკავშირის მსგავსად მოქმედებს. როგორც ალიანსის მიერ აღინიშნა, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ მოემზადოს გაწევრიანებისთვის.

მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, წარმატებით განხორციელებული რეფორმები და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა სოლიდურ საფუძველს ქმნის ინტეგრაციის პოლიტიკური თუ პრაქტიკული განზომილებების შემდგომი განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესისა და მიღწევების შესახებ სამიტის გზავნილი სათანადოდ აისახება როგორც დისკუსიებში, ისე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ჯანელიძემ.

4-6 ივნისს საქართველოში „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ (SNGP) მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, NATO-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალი დენის მერსიემ, ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს.

„NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენციის“ მიზანია, SNGP-ის, როგორც წარმატებული და განმეორებითი მოდელის შესაძლებლობაზე მსჯელობა. ღონისძიებას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 175-მდე ექსპერტი და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები