პოლიტიკა

მერია მეტროს მემანქანეებს: ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

04.06.18 21:15


დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მეტროს გაფიცული მემანქანეების მიმართ სამართლებრივ და დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეტროს მემანქანეები დილიდან გაიფიცნენ. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგური გაჩერებულია. გაფიცულები აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ. აქციის ორგანიზატორია მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირები „ერთობა 2013".

მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

თბილისის მეტროპოლიტენში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც, რომელმაც მეტროს მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, ის არ დაუშვებს, რომ მეტროს მემანქანეებმა მოსახლეობის შანტაჟის გზას მიმართონ. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება, ამდენად, ისინი კანონს არღვევენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

მემანქანეებს გაფიცვის მოწყობა მაისის დასაწყისში სურდათ, თუმცა გაფიცვა მაშინ არ შედგა სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირების „ერთობა 2013" წევრებს ერთი თვის წინ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანა.

მეტროს მემანქანეებმა საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, რადგან სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გაიფიცონ არასამუშაო საათებში. თუმცა აქციის მონაწილეებმა ისიც განაცხადეს, რომ ისინი სამუშაო ადგილებზე გასვლას ვეღარ შეძლებდნენ, რაც გამოიწვევდა მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებას.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები