საზოგადოება

ავთანდილ აბესლამიძე ქართული X-Factor-ის გამარჯვებულია

05.07.16 19:35


ავთანდილ აბესლამიძე ქართული X-Factor-ის მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა.
ტელეშოუს გამარჯვებული მაყურებელმა გამოავლინა: 250 ათასი ზარიდან, თითქმის 50% აბესლამიძემ მიიღო.

დანარჩენმა ფინალისტებმა ხმები ასე გადაინაწილეს: გიგი ადამაშვილი — 41,49%, ჯგუფი Dream Girls – 5,07% და ცირა კობიაშვილი — 3,59%.

აბესლამიძის ხმა განსაკუთრებული მელოდიურობითა და სილამაზით გამოირჩევა. შოუს ფინალში მან რამდენიმე ქართული სიმღერა, მათ შორის ანსამბლ „ურსასთან“ ერთად „გელინო“ და ნუკრი კაპანაძის „თეთრი ვარდები“ შეასრულა.

X-Factor-ის გამარჯვებულმა ავთანდილ აბესლამიძემ პრიზის სახეით თბილისში ოროთახიანი ბინა, საგზური ბარსელონაში, ამერიკელი მომღერლის ბიონსეს კონცერტზე დასასწრები ბილეთი და ასევე პროექტის სპონსორებიდან ფულადი ჯილდო მიიღო.

„X-Factor-ში გამარჯვება ეს 24 წლის ბათუმელისთვის პირველი წარმატება არაა. მისი მუსიკალური გზა ოთხი წლიდან დაიწყო, როდესაც პატარა ავთომ გადაწყვიტა, რომ დიდი როცა გაიზრდებოდა მომღერალი გახდებოდა. ვოკალურ ოსტატობას ავთო სტუდია „ოქროს ხმებში“ ეუფლებოდა.

ამას მოჰყვა პირველი წარმატება აჭარის ტელევიზიის კონკურსში „დილის ტალღა“ და შოუში „ნუცას სკოლა“.

მალე ის ბერლინსა (2014, Euro Pop Сontest) და სანკტ-პეტერბურგის (2013, საერთაშორისო კონკურსი "გზა ვარსკვლავებისკენ") საერთაშორისო ვოკალურ კონკურსებზეც აღიარეს, სადაც ავთანდილ აბესლამიძემ გრან-პრი მოიპოვა.

2015 წელს ქართველი მომღერლის ხმა უკრაინის მუსიკალური ტელეშოუ „ ქვეყნის ხმის“ ბრმა კასტინგზე გაისმა. და მიუხედავად იმისა, რომ აბესლამიძე პროექტში ვერ მოხვდა, შოუს ჟიურისგან მაღალი შეფასებები მიიღო.

ბრიტანული პროექტ X-Factor-ის ქართული ანალოგი საქართველოში 2013 წლის 14 აპრილიდან იღებს სათავეს. პირველი სეზონის გამარჯვებული 27 წლის თორნიკე ყიფიანია. გასული წლის სეზონზე კი ბათუმელმა — 19 წლის ჯარისკაცმა გიორგი ნაკაშიძემ გაიმარჯვა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები