პოლიტიკა

კვირიკაშვილი მაჩალიკაშვილს - არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ თქვენ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე

05.06.18 17:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს მის ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციაზე უარი არასოდეს უთქვამს.

„მე არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ თქვენ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე. პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ ეს შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე. მინდა, თქვენ, თქვენს ოჯახს და მთლიანად პანკისელებს კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოგიცხადოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც მაჩალიკაშვილების ოჯახს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აწუხებს.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაეცნო ოჯახის ადვოკატების მოსაზრებებს გამოძიების პროცესსა და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი მხრიდან გაჟღერებული საკითხებით დაინტერესდება და მაქსიმალურად შეეცდება, ამ საქმეზე უსამართლობის განცდა არ არსებობდეს.

შეხვედრაზე მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატებისთვის საქმის მეტი დეტალის გაცნობის შესაძლებლობაც განიხილეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები