საზოგადოება

ერთადერთი შანსი წელიწადში: ეროვნული არქივი ხვალ ნებისმიერ მსურველს მასპინძლობს

07.06.18 19:45


საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების საცავისა და მასში დაცული დოკუმენტების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 8 ივნისს შეეძლება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული არქივი წელს მეორედ ახორციელებს პროექტს „არქივის ღია კარი". ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია 7 ივნისს უნდა გაიაროს.

„არქივის ღია კარისათვის" მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, საგამოფენო პავილიონის დათვალიერებას",- ნათქვამია განცხადებაში.

„არქივის ღია კარი" წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აძლევს საშუალებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოხვდეს არქივის უნიკალური დოკუმენტების საცავებში.

როგორც არქივის ადმინისტრაცია აცხადებს, ეროვნული არქივის საცავებში მხოლოდ არქივის მცველები დაიშვებიან. რაც შეეხება მკვლევარებს, მათ არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ.

ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

არქივების საერთაშორისო დღე 2007 წლის 9 ივნისიდან აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

საქართველოს ეროვნული არქივი 1920 წლის 23 აპრილს დაარსდა. არქივში ამჟამად 5 მილიონზე მეტი დოკუმენტია დაცული, აქედან დაახლოებით 440 ათასი ფოტოდოკუმენტია, 19 ათასი — ფონოდოკუმენტი, ხოლო 35 ათასი — კინოდოკუმენტი.

არქივს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელი ერქვა: „საჭურჭლე", „გოდორი", „დავთარხანა", „სამეფო პალატა", და ისინი ძირითადად სამეფო კარზე არსებობდა. მათ გარდა ასევე არსებობდა საეკლესიო–სამონასტრო და კერძო არქივები.

2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები იუნესკოს პროგრამის „მსოფლიო მეხსიერების" რეესტრში შეიტანეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები