პოლიტიკა

დეპუტატების ანაზღაურება მომავალ წელს არ გაიზრდება

08.06.18 15:00


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი“ განიხილეს.

როგორც ოფიციალური ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი მომავალ წელს 54 მლნ 696 ათასი ლარით განისაზღვრა.

„2019 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მომატება. ანაზღაურება არ გაეზრდებათ არც კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს, ვიცე-სპიკერებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბიბლიოთეკის 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადს. „მართალია, ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტის პარამეტრები 2019 წელს იგივე რჩება, რაც მიმდინარე წელსაა, თუმცა ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება შენობისა და წიგნის ფონდის რეკონსტრუქციის პროცესი, რაც ბიბლიოთეკის, პარლამენტისა და რა თქმა უნდა, ყველა მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადებიც განიხილეს. წარმოდგენილი პროექტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი 2019 წლისთვის 1 მლნ 654 ათასი ლარით იზრდება. აღნიშნული თანხა მოხმარდება უწყების ეფექტიანობის გაზრდას და ასევე ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის თანამშრომელთათვის ხელფასების მომატებასაც. ცესკო-ს ბიუჯეტი კი გაისად მიმდინარე წელთან შედარებით შემცირდება, 27 მლნ 487 ათას ლარამდე, რადგან 2019 წელი საარჩევნო წელი არ არის.

სულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 11 საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები