პოლიტიკა

რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ გამართული ბიუჯეტის მიღება ვერ ისწავლა

08.06.18 18:30


ხელისუფლებამ ამ 6-წლის განმავლობაში გამართული ბიუჯეტის მიღება ვერ ისწავლა, რაც ბევრ ეჭვს იწვევს, მათ შორის კორუფციული თვალსაზრისით, - ასე აფასებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.

გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკურიძემ გააცნო. კაკაურიძემ 2017 წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრებსა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლებზე ისაუბრა და ბიუჯეტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებლები წარადგინა.

როგორც გოცირიძე განმარტავს, ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ “ბიუჯეტი ვერ იგეგმება სწორად და ვერ ხდება მისი დროული შესრულება, რაც შემდეგ ზემოქმედებას ახდენს მაკროეკონომიკურ სურათზე და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი ხდება“.

“ამავე დროს ირღვევა კანონი, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ს 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. კანონი ზედიზედ მეოთხე წელია ირღვევა და ამაზე პასუხს არავინ აგებს. არის გაუთვალისწინებელი ხარჯები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან - იგეგმება დაახლოებით 40 მილიონის ფარგლებში, ხოლო შარშან, შარშანწინ 180-მილიონამდე იყო. ხშირად ეს წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური და სხვა მიზნებისათვის იხარჯება - მთავრობის სარეზერვო ფონდიდად თანხები სუბიექტურად იხარჯება. არის კურიოზული შემთხვევები. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიზნესის სახლის ასაშენებლად ფული გამოყვეს. ბიზნესის სახლი ჯერ ჰაერშიც არ არსებობს - არც პროექტია და არც არაფერი და 82 მილიონი ლარი ერთ-ერთ მხარჯავ ორგანიზაციას კომერციულ ბანკში უდევს და ფაქტობრივად მევახშეობას ეწევა, ხოლო ხალხს ეუბნებიან, რომ პენსიის გასაზრდელი ფული არ აქვთ. 82 მილიონი ლარი გაყინულია, რაც ძალიან კურიოზული საბიუჯეტო შემთხვევაა, რადგან თუ არსებობს ფული, ის იმ წლის პროგრამებს უნდა მოახმარო. ბიუჯეტის ხარჯვაში არის მუდმივი ჩამორჩენა და ნარჩენების დეკემბერში ხარჯვა უკვე ტრადიციაა და ლარზე ზემოქმედებს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები