პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკეთის დელეგაციას უმასპინძლა

11.06.18 15:30


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სლოვაკეთის დელეგაციას უმასპინძლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულის ნოდარ გიორგაძის ორგანიზებით, პროექტის „უკეთ გავიცნოთ ერთმანეთის“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული და გამოჩენილი სლოვაკი სტუმრები ეწვივნენ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საპატიო კონსულს - აღნიშნული პროექტის იდეის ავტორს, მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის.

„ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის მასპინძლობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს. ეს ნამდვილად არის ორ ხალხს შორის არსებული მეგობრობის გამოხატულება, რასაც საფუძვლად მრავალი წლის ურთიერთობა უდევს. დღეს ჩვენი მეგობრობა ვითარდება სახელმწიფოებს შორის უმაღლეს დონეზე, მაგრამ ხალხთაშორისი კონტაქტები, რომლებიც ამ ვიზიტის დროს განვითარდება, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია არაერთი საინტერესო ღონისძიება, რაც მისი თქმით სტუმრებს საქართველოს ისტორიის, ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მინისტრის განცხადებით სლოვაკეთის მხრიდან კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იყო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას საქართველოში ვიზიტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობას ასევე თან ახლავს ხალხთაშორისი თანამშრომლობა და მეგობრობა. იმედი მაქვს, რომ სლოვაკეთის დელეგაციის ვიზიტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი, კონკრეტული პროექტების განვითარების საფუძველი გახდება“ - განაცხადა მინისტრმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები