საზოგადოება

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება

11.06.18 16:45


საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წელს საატესტატო გამოცდები 2,4 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა ვერ ჩააბარა.

მოსწავლეების დიდი ნაწილი, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს — მეთორმეტე კლასის მოსწავლეები არიან, ნაწილი კი ის მოსწავლეები, რომლებმაც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში. წელს გამოსაშვებ გამოცდებზე 49 ათასი მოსწავლე გავიდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

2-3 ივლისი — ქართული ენა და ლიტერატურა;

5-6 ივლისი — ზოგადი უნარები;

9-10 ივლისი — ინგლისური ენა;

9 — ივლისი — რუსული ენა;

10 — ივლისი - ფრანგული ენა;

10 — ივლისი — გერმანული ენა;

13 — ივლისი — მათემატიკა;

16 — ივლისი — გეოგრაფია;

17 — ივლისი — ისტორია;

19 — ივლისი — ლიტერატურა;

20 — ივლისი — ბიოლოგია;

24 — ივლისი — სამოქალაქო განათლება;

25 — ივლისი — სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

25 — ივლისი — ქიმია;

26 — ივლისი — ფიზიკა.

წელს აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლე ელით. კერძოდ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს გამოცდაზე, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ. გასულ წლებში აბიტურიენტები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ეროვნულ გამოცდებზე კალმების ხარისხთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ გამოცდის დროს მათ მათი შეცვლა რამდენჯერმე უწევთ. შექმნილია ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

როგორ შეიცვლება დაფინანსების სისტემა საქართველოს უნივერსიტეტებში.

წელს კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება — აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.

აბიტურიენტს ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. აქედან სამი სავალდებულო საგანია: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი შერჩევითი გამოცდა — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო სამართალი. სწორედ ამ ბოლო საგნებს შეეხება სიახლე.

გამონაკლისია ის აბიტურიენტები, რომლებმაც მიიღეს განათლება საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. შერჩევით საგნებში ისინი გამოცდის ჩაბარებას რუსულ ენაზე შეძლებენ.

სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგად უნარებში გამოცდა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე.

ზოგად უნარებში ძირითადი სიახლე შეეხება ანალოგიების ბლოკს. ამიერიდან ის ტესტში წარმოდგენილი იქნება არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა ბლოკთან ერთად. ანალოგიები აიგება ტექსტში გამოყენებული სიტყვების მიხედვით.

აბიტურიენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეღავათებით ისარგებლებენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმი იცვლება. აბიტურიენტმა ნამუშევარში გამოთქმული აზრის სასარგებლოდ ორი არგუმენტი მაინც უნდა მოიყვანოს და ამით მსჯელობის უნარი გამოავლინოს.

არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა იქნება 24, ნაცვლად 20-სა.

თითოეული საგნის გამოცდაზე გასვლის ღირებულება 10 ლარია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები