ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეეხება

13.06.18 15:00


ჩვენთვის მთავარია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თოთოეულ მოქალაქეს, როდესაც დოვლათი ნაწილდება ყველა მოქალაქეზე თანაბრად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე განხილული საკითხების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ყველა რეფორმა, რომელიც ხორციელდება და იგეგმება მომავალში, უფრო მეტად იქნება ორიენტირებული სწორედ ამ მიზანზე. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც უკვე დაანონსებულია და რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

„რეფორმების რამდენიმე პაკეტი უკვე იხილება საქართველოს პარლამენტში. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ. შედგა საუბარი იმ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც გაეროს ეგიდით მომზადდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გატარებულ რეფორმებს აქვს კონკრეტული შედეგი. ამ კვლევიდან ჩანს, რომ გაზრდილია ე.წ. განკარგვადი შემოსავალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, იმ რეფორმების ფონზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელსაც მომავალში განვახორციელებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი განათლების სექტორში რეფორმების აუცილებლობას და განაცხადა, რომ ეს მიმართულება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ეკონომიკური რეფორმა საქართველოში, ჩვენ არ მოგვცემს იმ შედეგებს, რომელიც გვინდა, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმის გარეშე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. ეს არის ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრება და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ მომზადებული გვაქვს ძალიან სოლიდური, მრავალმხრივი რეფორმა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ განათლების სექტორის რეფორმა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა ბახტაძემ, რომლის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები