პოლიტიკა

პრეზიდენტი - გიორგი კვირიკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთან მუშაობაც ყველაზე კომფორტული იყო

14.06.18 15:15


საზოგადოება დაახლოებით, ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასთან, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე UNICEF-ის კვლევიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი, ისეთი უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელთა მუშაობაც მისთვის კომფორტული იყო.

„ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, როგორც პრეზიდენტს. მართალია, მესამე პრემიერ-მინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან, ეს არის ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი უსუფაშვილი და ბატონი კობახიძე. შემიძლია ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთან მუშაობაც ყველაზე კომფორტული იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას. საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან, რადგან
იმ პროცესში, რომელსაც ვაკვირდებით და რომელშიც კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა წარუმატებელი იყო. ეკონომიკურ პრობლემებზე დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარირტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ა.შ. უცებ UNICEF-ის კვლევამ საქართველოს მთავრობისთვის გასაგები გახადა, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან პრეზიდენტის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის მიერ 2 წლის განმავლობაში გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეფასდება, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი.

„ამავე ფონზე სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და იმ მთავარ პრობლემაზე არ ხდება კომენტირება, რის გამოც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს.

საზოგადოება დაახლოებით, ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასთან, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე UNICEF-ის კვლევიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის პრემიერ- მინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს, როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები