საზოგადოება

მერია: თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტ “ბეგის” ძეგლი დაიდგმება

14.06.18 16:15


თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ განაცხადა.

თბილისის მერიის ცნობით, ბეჰემოტის ძეგლის ავტორია ნიკუშა შენგელაი, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე.

„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხელოვანების, მოხალისეების და ამიტომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

2015 წლის 13-14 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი დღემდე დაკარგულია. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო – მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოწვია.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები