ეკონომიკა

იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით გაზრდილია

19.06.18 15:15


2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ „პირველს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

აღნიშნული მონაცემი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია;

აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 3 610.9 მლნ. აშშ დოლარს (23.4 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.

„ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 924.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2013-2018 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 342.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 295.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 047.1 მლნ. აშშ დოლარი (25.9 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.0 პროცენტი და იმპორტში 29.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.8, 25.9 და 28.4 პროცენტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში 29.7 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-მაისში 1 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 32.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 584.0 მლნ. აშშ დოლარი (52.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 092.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.2 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 45.5 პროცენტი და იმპორტში 30.2 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 32.2, 38.2 და 30.1 პროცენტი).

2018 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21.9 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში 25.9 პროცენტი). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.

2018 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (714.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (548.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (430.5 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 181.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14.1 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 151.8 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 124.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-მაისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 330.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 215.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.0 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 150.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.2 პროცენტი)“,-ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები