პოლიტიკა

მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

21.06.18 19:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და ფინანსთა მინისტრის რანგში მისი ყოფნის პერიოდში აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროში მაღალპროფესიონალთა გუნდი მუშაობს, რომელთა უშუალო მონაწილეობით, ბოლო წლებში განხორციელდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როგორც სტრუქტურული, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეფორმები და ინიციატივები.

მისი თქმით, ქვეყანაში იწყება დინამიური და ინოვაციური, ამავდროულად, შედეგებზე ორიენტირებული რეფორმების ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ კვლავ აქტიური როლი შეასრულოს ამ რეფორმების განხორციელების პროცესში.

„ჩემთვის მართლაც ძალიან ემოციური დღე და მომენტია თქვენთან შეხვედრა. შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ 7 თვე, რაც ფინანსთა სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, არ არის დიდი პერიოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არ ვთვლი ასე. მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ვფიქრობ, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რა რეფორმებზეც ჩვენ ვიმუშავეთ, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და უახლოეს პერიოდში შევა ძალაში, არის მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი უწყებისთვის. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს.

ფინანსთა სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ხერხემალია ჩვენი სახელმწიფოებრიობის და მე ძალიან გამიმართლა, რომ თქვენთან ერთად მომიწია ამ სისტემის განვითარება და ზრუნვა იმაზე, რომ უკეთესი სერვისები შეგვეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, სუბიექტური ვარ შეფასებებში, ვინაიდან მე თქვენი საერთო ოჯახის ნაწილი ვარ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროში მართლაც ყველაზე გამორჩეული პროფესიონალები მუშაობენ და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრ თქვენგანს ახსოვს ჩვენი პირველი კომუნიკაცია – გთხოვეთ, რაც შეიძლება მეტი ინიციატივა წამოსულიყო თქვენგან. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ინიციატივიანი და არ უნდა შეგვეშინდეს გამოწვევების. მახსოვს, ბევრი ე.წ. ექსპერტისგან მოვისმინე ისეთი ტიპის განცხადება, რომ იმ ამბიციური რეფორმების გეგმას, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ვერ განვახორციელებდით რეალურ ცხოვრებაში და ეს იქნებოდა ძალიან რთული, არა მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია – ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის მთავარი იდეოლოგია და ვფიქრობ, ეს ვრცელდება ყველა სფეროზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, მსურს თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, იმ აქტიური ჩართულობისთვის, რაც იყო თითოეულ რეფორმაში თუ ინიციატივაში და კიდევ ერთხელ, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ვარ ძალიან ამაყი და გამიმართლა, რომ მომეცა თქვენთან ერთად მუშაობის საშუალება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები