პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის

21.06.18 20:00


აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ასეთი მოცულობით და ამ სახით ჩანაწერი საქართველოზე მოხვდა პირველად, რაც მისასალმებელი მოვლენაა.

"ეს ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას. ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინა პოზიციებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ აქტში საუბარია ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფთხოება პირდაპირ მიბმულია ევროპის უსაფრთხოებაზე და პირიქით.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ამ აქტში საუბარია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე.

პირდაპირ არის მხარდაჭერილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის, რაც გამყარებულია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ ველით, რომ ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც უკვე განხორციელდა საქართველოსთან მიმართებაში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ასევე, შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯებით გაძლიერდება",- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, ჯერ მხოლოდ ჩანაწერი გაკეთდა სენატის აქტში. მსგავსი სახის ჩანაწერი არსებობს კონგრესის აქტშიც, შემდგომი ნაბიჯები კი ითვალისწინებს ორივე ჩანაწერის შეჯერებას და სენატში კენჭისყრას, რათა საბოლოოდ საკანონმდებლო აქტად იქცეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო შეერთებული შტატების მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები