ეკონომიკა

საწვავის გაიაფებისთვის ყველაფერი მზადაა

22.06.18 20:30


საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის გაიაფების პროცესი დაიწყო, მაგრამ ქართველი იმპორტიორები არ ჩქარობენ. გაიაფება ჯერ მხოლოდ საბითუმო ბაზარზე შეინიშნება, თუმცა იმის ნაცვლად, რომ კომპანიებს ფასები დაეწიათ, მოულოდნელად საწვავი 3-5 თეთრის ფარგლებში გააძვირეს. სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორი იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასები წავიდეს კლების მიმართულებით.

გაიაფების პროცესი უცხოურ ბირჟებზე დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო. 7 ივნისიდან მოყოლებული, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 77,5 დოლარიდან 73 დოლარამდე დავიდა.

მოსალოდნელია, რომ ფასი კიდევ დაიწევს. საყურადღებოა რუსი ანალიტიკოსების გათვლა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 1 ბარელი ნავთობი 60-65 დოლარის ფარგლებში იტრიალებს. იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო სეზონისა და დასვენების დროა, საწვავის გაიაფება დიდი შეღავათი იქნება როგორც მომხმარებლების, ასევე კომპანიებისთვისაც.

ამ ეტაპზე "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინი 690 დოლარი ღირს, ხოლო იმავე მოცულობის დიზელის საწვავი - 644 დოლარი. რაც შეეხება საქართველოს საბითუმო ბაზარს, 1 ლ დიზელი 2,05 თეთრი ღირს, ხოლო ბენზინის ფასი 2,06 თეთრს შეადგენს.

კომპანია "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი, იმპორტიორი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ საბითუმო ბაზარზე ცვლილება დაიწყო და რეაგირება საცალო ბაზარზეც მოუწევთ.

"საბითუმო ბაზარზე საფასო ცვლილება უფრო ადრე აისახება ხოლმე და ასეც მოხდა. ამ ეტაპზე საწვავის ფასი 7-8 თეთრით არის შემცირებული. შესაბამისად, კლების ტენდენცია ავტოგასამართ სადგურებშიც უნდა იყოს ასახული, განსაკუთრებით არაბრენდირებულ აგს-ებში, სადაც ფასზე გაცილებით სწრაფად რეაგირებენ.

ამ ეტაპზე გაძვირების საფუძველი ნამდვილად არ არის, პირიქით, სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება. უახლოეს დღეებში საწვავი საქართველოშიც გაიაფდება, თუკი საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება", - აცხადებს "რეზონანსთან" იაკობიძე.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, იმპორტიორები ფასების დაწევას არ ცდილობენ.

"უცხოურ ბაზრებზე ფასების ზრდა 2 თვის წინ დაიწყო. ეს გამოიწვია იმ ტექნიკურმა და ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა, რამაც საერთაშორისო ბაზრებზე იმუშავა, კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამ, რომ უპრეცედენტო სანქციებს დაუწესებს ირანს ბირთვული პროგრამის შეუსრულებლობის გამო, რამაც მსოფლიო ბირჟებზე მყისიერი რეაქცია გამოიწვია.

ამასთან, ნავთობპროდუქტების გაძვირებაზე გავლენა იქონია "ოპეკის" გადაწყვეტილებამაც, რომელიც წარმოების შემცირებით ფიქრობდა ფასების ზრდას და მეტ-ნაკლებად მოახერხა კიდეც.

ახლა კი გამოჩნდა, რომ ხელოვნური გაძვირება დიდხანს არ გაგრძელდებოდა. საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფება დაიწყო. საქართველოში საერთაშორისო ტენდენციას დაასწრეს და საწვავი იმაზე ადრე გააძვირეს, ვიდრე უცხოურ ბაზრებზე იქნებოდა ცვლილება", - აცხადებს ბაირახტარი.

მისი თქმით, რეალურად, საწვავის ღირებულება იმაზე დაბლაც არის ჩამოსული, ვიდრე ეს გაძვირებამდე იყო, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე ცვლილება ჯერაც არ ასახულა.

"ამ ეტაპზე როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორი იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასი დაიძრას კლების მიმართულებით, თუმცა ჩვენთან სრული განუკითხაობაა.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის პრაქტიკული უმოქმედობა მწვანე შუქს უნთებს იმპორტიორებს, რომლებიც მთლიანად არიან აცდენილი როგორც საერთაშორისო ტენდენციებს, ასევე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსაც. პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც ბაზარზე ბაკქანალიის დამკვიდრებას შეუწყო ხელი", - აღნიშნა "რეზონანსთან" ბაირახტარმა.






წყარო : /www.resonancedaily.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები