საზოგადოება

მამუკა ბახტაძე: საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან

25.06.18 15:00


"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჩემპიონების სამშობლოა",-ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ოლიმპიელებს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ ქართველ ოლიმპიელებს, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

„თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია. თქვენი შრომა ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათი და თქვენ ამის საუკეთესო მაგალითი ხართ. მინდა, თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენ, მედლების რაოდენობით მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანაში შევდივართ. ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა და ამ ყველაფერს კიდევ უფრო განმტკიცება და გაძლიერება სჭირდება“,- მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიელებს.

მამუკა ბახტაძემ 85 წლის იუბილე მიულოცა მსოფლიო რეკორდსმენ ნადეჟდა დვალიშვილს და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას საქართველოს წარმატება.

პრემიერის თქმით, სპორტი იქნება ყველაზე დიდი პრიორიტეტი, რომლის განვითარებას მთავრობა დიდ ყურადღებას დაუთმობს.

"ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმალურ პრიორიტეტს მივანიჭებთ განათლებას და განათლება ვერასოდეს იქნება წარმატებული, თუ მას არ ახლავს სპორტული კომპონენტი. მე სპორტსმენი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს სპორტს იმისთვის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ის ფასეულობები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა შექმნას ძლიერი და წარმატებული საქართველო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებას, ქართველ ოლიმპიელებთან ერთად, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტი ნილს ნიგაარდი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ნილს ნიგაარდის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერ-მინისტრი ჰყავს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები