საზოგადოება

სუს-მა 5 პირი პასუხისგებაში მისცა

06.07.18 16:30


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 5 პირი პასუხისგებაში მისცა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ლ. და სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ალექსი მ.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ფუძე“-ს დირექტორი ილია ნ, მშენებელი ჯემალ მ. და ქვეკონტრაქტორი კომპანია- შპს „იმედი“-ს დირექტორი იოსებ ტ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი დაბა მანგლისში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებზე. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ფუძე“, რომელთანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ფუძე“-ს უნდა შეესრულებინა კანალიზაციის სისტემის მოწყობის 1 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. შპს „ფუძე“-ს დირექტორმა ილია ნ-მ, მშენებელმა ჯემალ მ-მ და ქვეკონრაქტორი კომპანიის შპს „იმედი“-ს დირექტორმა იოსებ ტ-მ არასრულყოფილად შეასრულეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ წინასწარი შეთანხმებით, თანხების თაღლითურად მითვისების მიზნით ფარული სამუშაოების აქტებში და ფორმა N2-ებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს.

თავის მხრივ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა ლ-მ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა ალექსი მ-მ არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საერთო ჯამში სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 114 814,17 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები