პოლიტიკა

ჯონ ქერი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

07.07.16 14:40


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტისთვის, ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისათვის, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან ურთიერთობით.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატოს სამიტზე“, – განაცხადა ჯონ ქერიმ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს ის, რომ იგი ვარშავის სამიტის წინ გაიმართა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ბატონ ქერისთან. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ. საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საჭირბოროტოა და აქტუალურია საქართველოსთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და გაღრმავებაზე და აქ იყო საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს. საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილული იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რასაც საქართველო დღეს ასრულებს და გარდა ამისა, ბუნებრივია, განხილულ იქნა საქართველოს წინსვლის შემდგომი დემოკრატიზაციის ნაბიჯები”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები