პოლიტიკა

ლევან იზორია: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია

11.07.18 16:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისი თქმით, ეს ნატო-ში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნება.

“უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც უპრეცედენტოა სამიტის ფარგლებში, ხაზს გაუსვამს იმ მიღწევებსა და იმ მოდერნიზების უპრეცედენტო დინამიკას, რომელიც განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში გვაქვს. განსხვავებით ნატოს წევრი ბევრი ქვეყნისგან, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მივმართავთ თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20%-ს შეიარაღებაში. ეს პროგრესი და ეს დინამიკა ძალიან პოზიტიურად იქნება აღიარებული“, – აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაკეთდება და ახალი კონკრეტული ფორმატები განისაზღვრება.

მან ყურადღება ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რასაც როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება და ფართოვდება. ამის დასტურია გერმანიის ინიციატივა, რომ იყოს ლიდერი ქვეყანა კონტრმობილურობის მიმართულებით. ამის დასტურია ასევე, გაერთიანებულ ძალთა წვრთნების სარდლობასთან ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების კოორდინაცია და მჭიდრო თანამშომლობა. 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნების ჩატარება იგეგმება. ასე რომ, ყველაფერი ეს იძლევა ყველანაირ პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ წლების განმავლობაში გლობალური თუ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი კონტრიბუციით დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორია. ლევან იზორიას აზრით, დღეს საქართველო მზად არის, იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

„ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისაც სხვა ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად გულითა და მთელი მისწრაფებით სურს, რომ ეს პროცესი მივიდეს თავის კონდიციამდე, არამედ იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც არაერთხელ მომისმენია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ახლახან ვიმყოფებოდი ავღანეთში და იგივე მოვისმინე მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურისგან ჯონ ნიკოლსონისგან.

მან გასაოცარი უწოდა იმ წარმატებებს, რომელიც აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის დონით. ნდობის მაღალი ხარისხი, რაც ყველაზე ცხელ წერტილში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა მოიპოვეს არის მათი პროფესიონალიზმის, საქმისადმი თავდადებისა და ერთგულების აღიარება, აღიარება იმის, რომ იდგნენ ყველაზე საპასუხიმგებლო პოზიციებზე. მათი საქმიანობა საქართველოს ინტერესებისა და გლობალურ კონტექსტში თავისუფლების, ღირსეული არსებობის დაცვას, საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას უკავშირდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები